საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრამდე გასტანს – ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, სადაც XII კინოფესტივალის ახალი კლიპი წარმოადგინეს მსახიობების: ბერდია ინწკირველისა და მეჰტაბ კერამატის მონაწილეობით.

კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა მოკლედ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც წლევანდელ კინოფესტივალზე იგეგმება. მისი თქმით, კინოფესტივალის პროგრამა ჯერ ისევ მუშავდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მხატვრული ფილმების ჟიურის წევრი იქნება ირანელი რეჟისორი, მოჰსენ მაჰმალბაფი. ასევე,  ჟიურის წევრები იქნებიან:  სიდიქ ბარმაკი, ავღანელი რეჟისორი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი და ქართველი რეჟისორი ნინო კირთაძე.

წელს კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოს კომპოზიტორ გია ყანჩელს და ირანელ რეჟისორს, მოჰსენ მაჰმალბაჰს გადასცემს.

კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები 30 ქვეყნიდან და  40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.
მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან და აზიიდან. ორგანიზებული იქნება მასტერკლასები კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორების მიერ.

ტრადიციულად შედგება ინდუსტრიული პლატფორმა „Alternative Waves“, რომლის მიზანია კინოინდუსტრიით დაინტერესებულ სტუდენტებს და სპეციალისტებს მისცეს განვითარების, გამოცდილების გაზიარების და ახალი, პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი წელსაც გააგრძელებს ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენების ტრადიციას – კინოჩვენებები ევროპის მოედანზე გაიმართება.

კინოფესტივალის მიმდინარეობისას ცხადდება ბლოგერების კონკურსი – 3 ბლოგერი, რომელიც ყველაზე   საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია. კინოფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და სასტუმრო Wyndham Batumi.  კინოფესტივალის მხარდამჭერებია: კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, დიდი ბრიტანეთის საკონსულო, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა კერძო კომპანიები.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები