საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართა.

დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი – ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო.

წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა.

“გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართული ღვინო ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენის ფარგლებში არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას, ღვინის დაყენების მეთოდებს. ასეთი დეგუსტაციები საშუალებას იძლევა მომხმარებელმა არა მარტო დააგემოვნოს ღვინო, არამედ დასვას კითხვები, მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაეცნოს სხვადასხვა მოსაზრებას”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ.

“საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები”, – აღნიშნა გამართული პრეზენტაცია-დეგუსტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯულია ჰარდინგმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები