საია: დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის წესს ხარვეზი აქვს

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმის მერობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა – კახა ცისკარიძემ და გოჩა გუგუნავამ. აღმოჩნდა, რომ მათ რეგისტრაციის გავლის უფლება აღარ აქვთ.  21 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატებს სულ სამი დღე ჰქონიათ რეგისტრაციისთვის.

„ეს  უნდა ჩავთვალოთ კანონის ხარვეზად, რადგან რეალურად სამი დღე ჰქონდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენ საინიციატივო ჯგუფებს, შემდეგ კი ერთკვირიანი ვადა ხელმოწერების შესაგროვებლად,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი.

„საარჩევნო კოდექსის მიხედვით“, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარადგინოს. საინიციტივო ჯგუფის დარეგისტრირების ბოლო დღეა კენჭისყრამდე, ანუ 21 ოქტომბრამდე 57-ე დღე. 25 აგვისტომდე დარეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა შეუძლია დაასახელოს ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ასეთი საინიციატივო ჯგუფი ბათუმის საარჩევნო ოლქში არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ ეყოლება. 

ხარვეზებზე საუბრის დროს საიას იურისტი აქცენტს „თანაბრობაზე“ აკეთებს, როგორც სამართლიანი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთ მთავარ პირობაზე. ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველებს შემჭიდროვებულ ვადებში უწევთ კანონით განსაზღვრული საფეხურების გავლა.

„უნდა ყოფილიყო შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. პრეზიდენტმა არჩევნების დღის ოფიციალურ გამოცხადებამდეც საჯაროდ აღნიშნა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართებოდა და საარჩევნო სუბიქტებს, მათ შორის, დამოუკიდებელ კანდიდატების მსურველებს მოუწოდა მომზადებულიყვნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს და კიდევ ცესკოს რამდენიმე შეხვედრა არ იყო საკმარისი. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და შესაძლოა, შევიმუშავოთ შესაბამისი რეკომენდაცია, რადგან თანაბარი სათამაშო ველი არის ერთ-ერთი მთავარი პირობა სამართლიანი არჩევნებისთვის,“- გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

თვითმმართველობის წინა არჩევნების დროს, 2014 წელს, დამოუკიდებელ კანდიდატებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. არჩევნების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და შეიცვალა კანონი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქის მერი, ასევე საკრებულოს წევრი შესაძლებელია საინიციტიავო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდეს.

კანონის მიხედვით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოში რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოს კონკრეტულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის ერთი პროცენტის ხელმოწერები. ბათუმის შემთხვევაში, დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველს დაახლოებით 1300 კაცის ხელმოწერა დასჭირდებოდა.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია. 15 ივლისამდე ცესკოში დარეგისტრირდნენ ის პარტიები, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ. სხვა პარტიების და ბლოკების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი, საინიციატივო ჯგუფების მსგავსად, 25 აგვისტო იყო. საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატების დასახელება 21 სექტემბრამდე შეუძლიათ.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები