საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის პატიმრობა არაკოსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების – ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკის და ლაშა გაგიშვილის სარჩელები დააკმაყოფილა. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც 63,73 გრამი; 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის შეფასებისთვის არსებით კრიტერიუმს – ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, ძირითადად, მისი ბლანკეტურობის გამო.
“მიუხედავად იმისა, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, ასევე საქმეზე მოწვეული მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ კანაფი არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ნარკოტიკული საშუალება, რომლის თავისუფალ ბრუნვაში მიმოქცევა შეზღუდული უნდა იყოს, იმავდროულად, არც ერთი არ უარყოფდა, რომ კანაფი, მისი მოხმარებით გამოწვევადი შედეგების სიმძიმისა და საფრთხეების მიხედვით, გაცილებით უფრო მსუბუქია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით.

როდესაც ნორმები, მათი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა. ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს” – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები