სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანსია ბათუმსა და ხულოში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, „სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს, არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით“.

ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და თეატრალური საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებიდან პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს აქვთ მხოლოდ თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, არა უმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

კონკურსის პირობების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს კონკრეტული თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა (3-5 გვერდზე), ვრცელი შემოქმედებითი CV (ფესტივალებში მონაწილეობა, პრემიები, შემოქმედებითი პრიზები, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ბოლო პერიოდში განხორციელებული დადგმების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან.

ოფიციალური ინფორმაციით, მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 26 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურა ცინცაძეა, ხოლო ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – როინ სურმანიძე.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები