სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არა-კონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე – შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, – აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა.

მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით. მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

წყარო:”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები