საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ.

როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. ხელფასს იმის მიხედვით გვიხდიან, თუ რამდენ საათს ვიმუშავებთ“.

„შარშანდელთან შედარებით ნაკლები რეისები წელს არ შესრულდება. რეისების რაოდენობა დარჩება იგივე, რაც შარშან იყო, უბრალოდ ინტერვალი გაიზრდება და ცოტათი ადრე შემოვა ავტობუსები გარაჟში“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ზაფხულის გრაფიკით“ ასე ვთქვათ, ბოლო რეისი თუ დავუშვათ, საღამოს 12 საათზე სრულდებოდა, ამჯერად ბოლო რეისი საღამოს 8-9-10 საათზე [ბოლო ბრუნის დაწყების დრო, რაც განსახვავებულია სამარშრუტო ხაზების მიხედვით] შესრულდება.

„ზამთრის გრაფიკი“  ბათუმის ავტოტრანსპორტში მომავალი წლის მაისის თვის ჩათვლით გაგრძელდება.

ძირითადი გრაფიკისგან განსხვავებული გრაფიკით მოძრაობენ ავტობუსები დასვენების დღეებშიც [ასევე შაბათ-კვირას]. აქ ინტერვალი ავტობუსებს შორის გაზრდილია.

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ბილეთები ჯიხურებში აღარ იყიდება. 80-თეთრიანი [2 მგზავრობა] ბილეთების შეძენა მხოლოდ ავტობუსში, კონდუქტორთანაა შესაძლებელი.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სამომავლოდ მთლიანად საბარათე სისტემაზეგადასვლას გეგმავს. სამგზავრო ბარათების გაცემა უფასოა. რაც შეეხება სამომავლოდ ქაღალდის ბილეთების გაუქმებას, მოყვება თუ არა კონდუქტორების სამსახურიდან გათავისუფლება? – „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა-შეფასება, თუ რა როგორ იქნება და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

როდის გამოჩნდება ბათუმში ახალი ავტობუსები? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ბადრი ფარტენაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფაქტობრივად ყველა დეტალი გავლილი და შეთანხმებულია და ტენდერი, ახალი ავტობუსების შეძენაზე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ამ დრომდე საუბარი იყო ქალაქისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსის შეძენაზე, რაც ძველი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად ისედაც არ იყო საკმარისი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი სამომავლოდ გადაიდო, რაც ბადრი ფარტენაძემაც დაგვიდასტურა: „ამჯერად ტენდერი გამოცხადდება ევრო-5 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსების შეძენაზე. ვცდილობთ, მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ავტობუსები შევიძინოთ. რაც შეეხება რაოდენობას, ამას უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გავასაჯაროებთ. ელექტროავტობუსების შეძენა მომდევნო ეტაპზე მოხდება. ეს შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც“.

ჩვენი ინფორმაციით ტენდერი 20-ზე გაცილებით მეტი ახალი ავტობუსის შეძენაზე გამოცხადდება.

დირექტორის თქმით, ელექტროავტობუსების შეძენაზე ტენდერი, დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე ტენდერის გამოცხადებიდან, მოკლე ინტერვალის შემდეგ გამოცხადდება.

ბადრი ფარტენაძე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ხელმძღვანელობს.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები