საქართველომ შვედეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, შვედეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ანგარიში, მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. შვედების დაცვის ცენტრი ჩავარდა, საქართველოს ნაკრების მეშვიდე ნომერმა კი მეტოქე გუნდის მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0.

პირველე ტაიმში, მთლიანობაში უკეთესად გიორგი ყიფიანის გუნდი გამოიყურებოდა. კოხრეიძეს ისევ ჰქონდა გატანის შანსი, ორი ფეხბურთელი ჩამოიშორა, თუმცა, უკეთეს პოზიციაში მყოფ ჩაკვეტაძეს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან ცუდად დაარტყა და სხვაობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა.
ჩაკვეტაძემ თავისი მაინც გაიტანა. კონტრშეტევაზე, ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. ჩაკვეტაძემ ერთგვარი რეიდი განახორციელა. შვედი ფეხბურთელი, რომელიც მას ფეხდაფეხ მისდევდა, ჩამოიტოვა, თუმცა ბურთი ოდნავ წინ გაექცა. კარიდან გამოვიდა მარკო იოჰანსონიც, თუმცა ჩაკვეტაძემ დაასწრო და კარში გადაგზავნა ბურთი, სადაც შვედი მცველიც შეჰყვა, თუმცა ხაზიდან ბურთის გამოტანა ვეღარ შეძლო – 2:0.
არაბიძესაც ჰქონდა კარგი მომენტი. ის ერთი ერთზე დარჩა მეკარესთან, რომელიც ჩაუწვა და გუნდი იხსნა, უკან გადმოვარდნილი ბურთი ისევ არაბიძემ მიიღო, მაგრამ მცველების მოტყუების პროცესში ბურთი სულ დაკარგა.

ერთადერთი რეალური მომენტი შვედებს 37-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა იესპერ კარსლსონს ჩოჩიშვილმა აჯობა.

მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა პასიურად დაიწყეს, რაც ძვირად დაუჯდათ. 47-ე წუთზე, გიოკერესმა სხვაობა შეამცირა – 2:1.

გაშვებული გოლის შემდეგ ყიფიანის ფეხბურთელები გააქტიურდნენ. არაბიძემ კარგად გადააწოდა მალის, რომელმაც კარის ხაზზე, მეკარისგან მარჯვენა ფლანგზე მყოფ ჩაკვეტაძეს მისცა ბურთი. ჩაკვეტაძემ მოწინააღმდეგე მოატყუა და საჯარიმოშივე გადააწოდა ბურთი, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

არაბიძის რეიდის შემდეგ, კოხრეიძეს შეეძლო გატანა, თუმცა მან არაზუსტად დაარტყა.

77-ე წუთზე, არაბიძე შორიდან დაემუქრა იოჰანსონის კარს და მცირედით გადააცილა.

86-ე წუთზე, ყიფიანმა, მოედანზე ჩაკვეტაძის ნაცვლად არველაძე გამოიყვანა, რომელმაც პირველივე შეხებაზე იოჰანსენისთვის თავზე სცადა შორიდან ბურთის გადაგდება, მაგრამ შვედების კარის კიპერი მიუხვდა ჩანაფიქრს და ადგილზე დახვდა ბურთს.

მატჩის ბოლო წუთზე ისევ არველაძე აქტიურობდა, თუმცა, საბოლოოდ, მეკარეზე დაჯარიმდა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა მსაჯისგან.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შვედები აქტიურობდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს. ამ მარცხით, შვედებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს. ისინი ქულის გარეშე, ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

ქვეჯგუფში, პირველ ადგილს, 3 ქულით ჩეხეთი იკავებს, ამდენივე აქვს პორტუგალიასაც, თუმცა ჩეხები პორტუგალიელებს ბურთების უკეთესი შეფარდებით სჯობნიან.

A  ჯგუფის მეორე შეხვედრა, ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის, 20:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყება. სწორედ, ამ წყვილს შორის გამარჯვებული გახდება ცხრილის ლიდერი.

ქვეჯგუფის ბოლო დაპირისპირებას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ივლისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი
ჯგუფური ეტაპი
ა ჯგუფი
საქართველო – შვედეთი
8300 მაყურებელი

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (ხუბაშვილი 89’), ჩაკვეტაძე (არველაძე 86’), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71’), არაბიძე, ლაკვეხიანი;

სათადარიგო: გუგეშაშვილი, კახიძე, კვანტალიანი, ჩოგაძე;

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი;

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალი, იშერვუდი, სვენსონი, იოჰანსონი კარლ, კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი, გიოკერესი;

სათადარიგო: ვ. იოჰანსონი, ვებერგი, აჰმედჰოდზიჩი, ბერგქვისტი, ადრიანი, ლიდბერგი;

მთავარი მწვრთნელი: კლაეს ერიკსონი;

გოლი: კოხრეიძე 3’, ჩაკვეტაძე 32’, გიოკერესი 0 47’;

გაფრთხილება: გიოკერესი 23’, საბოვიჩი 28’, ქოჩორაშვილი 38’, სამურკასოვი 64’, არველაძე 90’;

სხვა ვიდეოები