“სელიმობა”

ღონისძიება სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. აქ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ქართული სიტყვისა და ხელოვნების ოსტატები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. სტუმრებმა მუზეუმში გამოფენილი ყველა ექსპონატი და ფოტო გულისყურით დაათვალიერეს.

სტუმრები სხალთის ეკლესიასაც ეწვივნენ. ამის შემდეგ კი „სელიმობის“ მონაწილეებმა სერიყანაში დიდი მამულიშვილის თავკვეთის ადგილას გადაინაცვლეს. მათ ყვავილებით შეამკეს სელიმ-ბეგის მემორიალი (წარწერიანი ქვა) და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

სტუმრებმა სერიყანიდან სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ბაკიბაკოს საჯარო სკოლის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც კულტურული ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სელიმის დამსახურებაზე ისაუბრეს: ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ, სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ა.რ. მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და პროფესორმა დავით დუმბაძემ.

მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ვაშლოანის, ხიხაძირის და ვერნების ფოლკლორულმა და საოჯახო ანსამბლებმა, აგრეთვე ანსამბლმა “ხულომ”. პოეტმა გულიკო გაბაიძემ, აგრეთვე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება მრავალჟამიერის ფონზე დასრულდა.

“მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – 1815 წლის 3 ივნისს, როცა სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავს კვეთდნენ, მაშინ წარმოთქვა მან ეს ისტორიული სიტყვები.

„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა. იქიდან მოყოლებული ყოველ წლიურად იმართება ეს დღესასწაული ღირსეული მამულიშვილის ამაგისა და ღვაწლის დასაფასებლად

სხვა ვიდეოები