შსს: დაკავებულია ორი პირი, ვინც დღეს ბათუმში მანქანა დაცხრილა

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იმ მანქანაში, რომელიც დღეს, გამთენიისას ბათუმში დაცხრილეს? – შს სამინისტროში ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორი პირი უკვე დაკავებულია.

რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით. მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეები – დაზარალებულიც და ბრალდებულიც თბილისის მცხოვრებლები არიან, ხოლო მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა სასიყვარულო ისტორიას.

ბათუმში დღეს გამთენიისას ატეხილი სროლის შედეგად კიდევ ორი მანქანაა დაზიანებული. სავარაუდოდ, მანქანას, რომელსაც ესროდნენ, პარკინგზე მდგომ მანქანებს შეეჩახა. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც დღეს დილით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან საკმაოდ ბევრი მასრა ამოღებული.
“ბათუმელები’

სხვა ვიდეოები