შსს–მ ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ
გაყიდული 9 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სხვა ვიდეოები