შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის

შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხისგარკვეულ სახლებს შეუსყიდის.

11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს შეისყიდის, ერთი სახლის შესაძენად კი მაქსიმუმ 10 000 ლარს გადაიხდიან. სახლების შეძენასთან ერთად, შეძენილი ხის სახლის გადასატანად ოჯახებს 900 ლარიც ჩაერიცხებათ.

„არის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ეკომიგრანტის სტატუსი არ ენიჭება და შესაბამისად სახელმწიფოს, მიზნობრივ პროგრამაში ვერ ხვდებიან. მათ დასახმარებლად მიზნობრივი პროგრამა შევიმუშავეთ. ოჯახებს, რომლებსაც კომისია შეარჩევს, ერთთვიანი ვადა მიეცემათ სახლების შესარჩევად. მას შემდეგ რაც ოჯახები სახლებს შეარჩევენ, გამგეობა ნოტარიული ცნობის საფუძველზე თანხას მას ჩაურიცხავს, ვისგანაც მოხდება სახლების შესყიდვა, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, სოციალური დახმარება არ შეუწყდეთ“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

მიზნობრივ პროგრამაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი, ოჯახის სოციალური სტატუსია. ზაზა ზოიძის განმარტებით, პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომელთა სარეიტინგო ქულა, 100 000-ს არ აჭარბებს: „იმ შემთხვევაში თუ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებულია და თანაბარი სარეიტინგო ქულა ექნებათ, უპირატესობა იმ ოჯახს მიენიჭება, სადაც შშმ პირი ცხოვრობს, ან ოჯახის წევრთა შემადგენლობა მეტია.“

სახლების შეძენის პროგრამაში მოსახვედრად, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბასა თუ სოფლებში მცხოვრებმა ოჯახებმა, განცხადებით, შუახევის გამგეობას, წერილობითი უნდა მიმართოს.

ზაზა ზოიძის ინფორმაციით, შუახევის გამგეობამ გასულ წელს, ანალოგიური პროგრამით ცხრა სახლი [ერთი უსახლკარო ოჯახისთვის, რვა კი – სიძველის შედეგად დაზიანებულ სახლში მცხოვრები ოჯახებისთვის] შეისყიდა. რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯს: „ოჯახებმა, რომლებსაც გასულ წელს სახლები შევუსყიდეთ, შესყიდული სახლების მათ საკარმიდამო ტერიტორიაზე გადასატანად საჭირო თანხის გამოყოფა მოგვთხოვეს, თუმცა ეს ხარჯი პროგრამულად გაწერილი არ იყო და შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯს ვერ ჩავურიცხავდით. წელსაც რომ პრობლემები არ შეიქმნას სახლების გადატანისას, საჭირო თანხა წინასწარ გავითვალისწინეთ, მითუმეტეს, რომ ამ დახმარებას შეჭირვებული ოჯახები იღებენ“.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები