შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა.

„პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობას მოვაწყობთ, რისთვისაც ყოფილი უნივერმაღის შენობის პირველ სართულს გავარემონტებთ, არსებული ფართი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ თუ საჭირო დარჩება, სამომავლოდ შენობის მეორე სართულსაც გავარემონტებთ“ – ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევში აიპის სტატუსით იფუნქციონირებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები და „შუახევი ჰესის“ მშენებელი კომპანია ფინანსურ დახმარებას გვპირდება, პირველ ეტაპზე სპეციალისტებს მოვიწვევთ, ხოლო შემდეგ, ადგილზე არსებულ კადრებს გადავამზადებთ რომ მოწვეულ კადრებზე დამოკიდებული არ ვიყოთ. რაც შეეხება სარეაბილიტაციო კურსს, ჩვენს ცენტრში მომსახურება უფასო იქნება“-ამბობს გამგებელი.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები