„სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცვლელ პირობებში ფუნქციონირებს“ – სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია. თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულება ცალკეულ სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოს საჭიროებს. მსგავს პირობებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის მონაცემებიც. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების მიზნით რეკომენდაციით მიმართა. დოკუმენტში წერია, რომ უჩა ნანუაშვილის უწყება, 2016–2017 წლების განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და ფიზიკური გარემოს განვითარების საკითხებს აქტიურად სწავლობდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცვლელ პირობებში ფუნქციონირებს.

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში. დოკუმენტში წერია „მისასალმებელია, რომ 2015–2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 სასწავლო დაწესებულების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესი განხორციელდეს დროულად და 2017 წლის საშემოდგომო სემესტრის დაწყებას ხელი არ შეეშალოს.“ საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები