სკვერი ბათუმში უფასო Wi-Fi-თა და მობილური ტელეფონის დასამუხტი წერტილებით

ბათუმში, შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარე ბათუმის პირველი ენერგოეფექტური სკვერი ოფიციალურად გაიხსნება.

სკვერში სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, უზრუნველყოფს არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.

სკვერში ასევე დამონტაჟდება მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სადაც შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების დამუხტვა, ასევე სკვერში ხელმისაწვდომი იქნება უფასო Wi-Fi.

პროექტს, „გარე განათების სექტორიდან ნახშიროჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება ბათუმის მუნიციპალიტეტში“, რომლის ფარგლებშიც სკვერი მოეწყო,  ბათუმის მერიასთან ერთად „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.

პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.

სკვერის ოფიციალურ გახსნას ბათუმის მერი, მოწვეული სტუმრები, სპეციალისტები და პროექტის მონაწილეები დაესწრებიან.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები