სოციალურ ქსელში ბათუმის ნაგავსაყრელზე დახოცილი ძაღლების კადრები ვრცელდება

მოკლეს თუ ევთანაზია ჩაუტარეს ცხოველებს ნაგავსაყრელზე მიტანამდე ამ დროისთვის უცნობია.

დახოცილი ძაღლების თაობაზე, შესაძლებელია, გამოძიებაც დაიწყოს, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

უპატრონო ცხოველების უსაფრთხოებასა და ვაქცინაციაზე კომპანია “სევერი” ზრუნავს. მისი ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე ადასტურებს, რომ ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ბუნკერებში მართლაც იმარხებიან ცხოველები, მაგრამ არა დახოცილი, არამედ დაღუპული. მისი თქმით ცხოველების მოკვლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება, როცა ძაღლი დაავადებულია და შესაბამისად საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველებს. მისივე განმარტებით ქალბატონი, ვინც დღეს სოციალურ ქსელში დახოცილი ცხოველების ბუნკერის ფოტოები გაავრცელა მიზანმიმართულ პროვოკაციას აწყობს:

“ამ ქალს დაეკარგა კატა, მოვიდა ჩვენთან და დაგვაბრალა, რომ კატა ჩვენ მოვკალით, ჩვენ რა თქმა უნდა უარვყეთ ფაქტი, რის შემდეგაც გამოვიდა და ეს ბეიკერის ბუნკერი გადაიღო, აქ კანონით ხდება ძაღლების დამარხვა, ბუნკერი ბოქლომითაა დაკეტილი, დღეს დილით კი ღია დაგვხვდა, ეჭვი მაქვს, რომ მან მოხსნა ბოქლომები გადაღებისთვის, ამას სამართალდამცველები გაარკვევენ”-განაცხადა გოგიტიძემ.

“მე ვამტკიცებ, რომ უპატრონო ცხოველებს ხოცავენ და საშინელებები ხდება”- აცხადებს ქალბატონი, რომელიც დღეს დახოცილი ძაღლების კადრები გაავრცელა და თავის ვინაობას არ ასახელებს.

მისი განმარტებით კატა რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკარგა, სწორედ ამავე ბუნკერში იპოვა მოკლული, ეს კი უპატრონო ცხოველების უსაფრთხოების მიზნით რეიდის დროს განხორციელდა.

ცხოველების თავშესაფარში მიყვანის შემდეგ სპეციალისტები მათ აცრის ნაცვლად აძინებენ და ნაგავსაყრელზე აღნიშნულ ბუნკერში ტოვებენ დახოცილ ცხოველებს.

სხვა ვიდეოები