სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ვეტერანთა კაშირის წარმომადგენლები.

თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ. 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. ჟიული შარტავას მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

წყარო: “ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები