სპეცოპერაცია თბილისში – გაბრიელ სალოსის გამზირზე სამაშველო სამსახური შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამაშველო სამსახური შეიყვანეს. სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალების მობილიზებაც. ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.

განხორციელდა ადგილობრივების ევაკუაციაც. კორპუსის მცხოვრებლებს სამართალდამცველები ტერიტორიაზე არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობენ, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მესამე სართულზე იმყოფებიან.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გვიან ღამემდე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, განხორციელდა შტურმიც.

გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომელთა დაკავებასაც ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. დაკავების სპეცოპერაცია უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს.

არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.

წყარო:”rustavi 2″

სხვა ვიდეოები