სპეცოპერაციისას დაკავებული თურქეთის მოქალაქე პატიმრობაში დატოვეს

თურქეთის მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა , მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მანამდე სასამართლოს ბრალდებულმა მიმართა და არ გამორიცხა, რომ თურქულ სასამართლოსაც მიმართოს. მისი თქმით, დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები და არც ამოღებული ნივთებია მისი.

“დაკავების დრო საღამოს ოთხი საათი წერია ბრალდებაში, თუმცა სინამდვილეში, დილით 11 საათზე დამაკავეს. იმდენი პოლიციელი მოვიდა, რომ შეუძლებელია ეს არავის დაენახა. როცა დამაკავეს, მე თავიდანვე განვმარტე, რომ ვერაფერს ვხდებოდი, არ მესმოდა და თარჯიმანს ვითხოვდი. მიუხედავად ამისა, საღამოს 6 საათამდე ადვოკატი და თარჯიმანი არ მოსულა. წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მითხრეს, რომ კიდევ ერთხელ ჩავატარებთ ჩხრეკას თარჯიმნის მონაწილეობითო. სახლის ჩხრეკის დროს ვერაფერი ნახეს. კამერების წინ ხელყუმბარა აღმოჩნდა და თქვეს რომ ეს საკმარისიაო. ჩხრეკის დროს სხვა ადგილზე ვიყავი და ამ დროის განმავლობაში ჩანთაში ბომბი ვინ ჩადო არ ვიცი. სამართალდამცველებისთვის არ მითქვამს ჩემი სახლის მისამართი და არც უკითხავთ. როგორც ჩანს, სცოდნიათ. რატომ დაელოდნენ ქობულეთში ჩემს წასვლას? როდესაც ბათუმში ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიცია რატომ არ სვამს შეკითხვას საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია, იქნებ მოწმეები თვითონ არიან ამის მონაწილეები. მეორე გასაღები თვითონ სახლის მეპატრონეს ჰქონდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ შესვლა. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ნივთები სახლის მეპატრონეს დაედო. ასეთი ინფორმაციაც იყო, რომ თითქოსდა ეს ყველაფერი თბილისში ტერორიზმის სპეცოპერაციას უკავშირდება. ახლობლებისგან გავიგე, რომ თბილისის მოვლენებს უკავშირებდნენ“, – განაცხადა ფემბე ოზლემმა სასამართლო პროცესზე.

ოზლემს პროკურატურა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

მისი დაკავების სპეცოპერაცია ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები