სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის  კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] .

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ უნდა იყვნენ ნამყოფი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში.

განათლების ფონდის [ბათუმის მასწავლებლის სახლი]ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, შემდეგ კი მათ უნდა წარადგინონ გაკვეთილის პრეზენტაცია.

შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

რეგისტრაციის  ბოლო ვადაა 2017 წლის 31 აგვისტო.

“ბათუმელები

 

სხვა ვიდეოები