თაფლის ფესტივალი ბათუმში 12 აგვისტოს ჩატარდება

ბათუმში, თაფლის რიგით მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე, რომელიც 12 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან უნდა გაიმართოს, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარადგენს. ფესტივალი ფლეშ-მობით გაიხსნება.

ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

ფესტივალის ორგანიზატორის, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ. მისივე თქმით, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ფესტივალი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

თაფლის ფესტივალის ორგანიზებისთვის აგროსერვის ცენტრმა ტენდერი 11 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 35 ათასი ლარი იყო. მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო, ყველაზე დაბალი ფასი კი 27 825 ლარი იყო შეთავაზებული. ამ ეტაპზე წინადადების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები