თამაზ ბაკურიძე – აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმელი, რომელიც ნაპირზე ვიპოვეთ, ჩემს ძმას არ ეკუთვნოდა

როგორც ბაკურიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თვითმხილველებმა მისი ძმის გაუჩინარებაზე სხვა ვერსიები მიაწოდეს. მისივე თქმით, სანაპიროზე დატოვებული ფეხსაცმელი კობა ბაკურიძეს არ ეკუთვნის. უფლებადამცველი აღნიშნულის გამო, ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.

“გუშინ საღამოს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, როდესაც ვიღაც ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, რომ მან ჩემი ძმა, კობა დაინახა. ქალბატონის ინფორმაციით, კობა ანბანის კოშკის მიმდებარედ წყალში შევიდა და სასტუმრო “შერატონის” მიმართულებით ბანაობდა. როგორც იგი ამბობს, არანაირი საფრთხე არ დაუნახავს. ქალბატონის საუბრისას ახალგაზრდა მამაკაციც მოვიდა და განსხვავებული ვერსია გვითხრა. მამაკაცის ინფორმაციით, კობა იმავე დღეს საღამოს ცხრის ნახევრისთვის ბულვარში, შაუმიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა და მაისური და ფეხსაცმელი არ ეცვა. კობას მაისური ნამდვილად არ ეცვა, რადგან ავტომობილში ჰქონდა დატოვებული.

ვინაიდან მაშველებისა და ამ მამაკაცის ნათქვამი არ ემთხვევა, ამიტომ საგამოძიებო ორგანოებს ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეომასალების ამოღებას ვთხოვთ, სად გადაადგილდებოდა და შევიდა თუ არა მეორედ ზღვაში?! კითხვები გაჩნდა და ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს. დღეს საგამოძიებო ორგანოებს ოჯახიც მიმართავს.

კობამ სანაპიროზე ორი ნივთი – ავტომობილის გასაღები და ფეხსაცმელი დატოვა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზომაც არ ემთხვევა. მას ნამდვილად არ ეკუთვის ეს ფეხსაცმელი. ამავდროულად, ძალიან მოძველებული იყო, რომელსაც კობა არ ჩააიცვამდა“, – განაცხადა ბაკურიძემ.

45 წლის მამაკაცს ზღვაში 3 ივლისის შემდეგ ეძებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ინტერნეტპრესნიუსი”

სხვა ვიდეოები