თამაზ ბაკურიძე – ჩემი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიებას დღემდე არ გააჩნია წინასწარი შედეგები

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე საგამოძიებო ორგანოებს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. როგორც მან “ინტერპესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების წინასწარი შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

“კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიებას დღემდე არ გააჩნია ოფიციალური წინასწარი შედეგები, რაც მიუთითებს გამოძიების სისუსტეზე. როგორც ჩანს, გამოძიება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებს და ამით ზედმეტ შეწუხებას თავიდან აიცილებენ, რასაც ოჯახი და ახლობლები არ შევეგუებით. გამოძიებამ თანხმობა განაცხადა ამოღებული ვიდეოკამერების ფირების ჩვენებაზე, თუმცა ერთადერთი კამერა, რომელიც ანბანის კოშკთან არის დამონტაჟებული და ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვნის, აღმოჩნდა, რომ არ ფუნქციონირებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიდეოთვალის ფუნქციონირება, რადგან ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ ის დააფიქსირებდა კობას ზღვაში შესვლას და გამოსვლას, რითაც გაირკვევოდა ოთხი თვითმხილველის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებიდან რომელია ზუსტი“,- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

კობა ბაკურიძე ბათუმში, 3 ივლისს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. შსს ფაქტზე სსკ 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“IPN-Interpressnews”

სხვა ვიდეოები