თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესია ნაპირსამაგრის პროექტი.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორ უმნიშვნელოვანეს, ბულვარის გაგრძელების და ჭოროხის ხიდის პროექტზე, რომლის დაფინანსებით ADB-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა. არსებული გადაწყვეტილების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის წინა მოსამზადებელ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რის საფუძველზეც მალე პროექტის განხორციელება დაიწყება.

შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონი მაკდონალდმა განაცხადა – „საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ჩემი აჭარაში ვიზიტი, აზიის განვითარების ბანკის მიერ, ამ პოტენციალის ხელშეწყობას ითვალისწინებს“.

საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

დღეისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა, ADB -ს დირექტორი საქართველოში იეშიმ ილჰან-კაიალარი და ADB – ს პროექტის უფროსი ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები