უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო

14 500 ამერიკული დოლარის გადახდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შპს „ალიანსი +“-ს დააკისრა. ეს კომპანია ფლობს კაზინო „პეგასს“ ბათუმში, სადაც ბულგარეთის, ასევე თურქეთის მოქალაქე – ლევენთ სადულა მუსას მოგებული ფულის მიღებაზე უარი უთხრეს. მოსამართლემ კაზინოს ადმინისტრაციას სასამართლოს ბაჟის – 1050 ლარის გადახდაც დააკისრა.

ლევენთ სადულა მუსამ ბათუმში, კაზინო „პეგასში“ 18 800 ამერიკული დოლარი გასული წლის აგვისტოში მოიგო. მაშინ ლევენთ მუსამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბათუმში კაზინოს მიწვევით ჩამოვიდა, თუმცა მოგებული თანხიდან მხოლოდ 4300 დოლარი გაუნაღდეს [ამ თანხაში სასტუმროს და ფრენის ხარჯი დაუფარეს]. ის ერთადერთი არაა, ვისაც ბათუმის სხვადასხვა კაზინოში ფულის მოგების შემდეგ სასამართლოში მოუხდა წასვლა, ან უფულოდ ქვეყნის დატოვება.

დღეს, 18 ივლისს სასამართლო პროცესს „ალიანსი +“ არ დასწრებია. კომპანიამ შესაგებელი გამოაგზავნა, სადაც წერია, რომ ლევენთ მუსამ თამაშის დროს ე.წ. სისტემა გამოიყენა.

„ეს იგივეა, ჯოკერის თამაშის დროს გამოთვალო წინასწარ, რამდენის აღებას შეძლებ,“ – ამბობს ადვოკატი რუსლან ბერიძე. ის სასამართლოში ლევენთ სადულა მუსას ინტერესებს იცავდა.

„კომპანიას არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა მივიღო,“ – აღნიშნა მოსამართლემ და ადვოკატს მიმართა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა.

სასამართლო პროცესებს არც მოსარჩელე – ლევენთ სადულა მუსა ესწრებოდა. მან პოლიციის მესამე განყოფილებას გასული წლის აგვისტოშივე დაუტოვა ჩვენება, სარჩელი სასამართლოში შეიტანა და ქვეყანა დატოვა.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები