ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა

„პატიმარი ზუსტად სამი წელი და ერთი თვე სამარტოო საკანშია გამოკეტილი,“ – ამბობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრის, ნუგზარ თაბაგირის ადვოკატი – ირინა საღინაძე. კანონით სამარტოო საკანში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა.

ადვოკატის შეფასებით, სამარტოო საკანში ნუგზარ თაბაგარი სპეციალურად, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოკეტეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „გიორგი ოქროპირიძის საქმეში“.

კითხვის ნიშნების მქონე მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამჯერად მას ცრუ დასმენას ედავება გამოძიება. გიორგი ოქროპირიძემ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გააპროტესტა, რასაც თვითმხილველი პატიმარი ნუგზარ თაბაგარი ადასტურებს. მან აგვისტოში უნდა მისცეს ჩვენება სასამართლოს მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის სასარგებლოდ.

არის თუ არა ნამდვილად მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი სამი წლის განმავლობაში ე.წ. სამარტოო საკანში და თუ ეს ასეა, რა არის ამის სამართლებრივი საფუძველი – „ბათუმელების“ ამ კითხვას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ უპასუხა:”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” თანახმად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული მსჯავრდებულის შესახებ, მისივე წერილობითი თანხმობის გარეშე“, – წერია სამინისტროდან მიღებულ წერილში.

„კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, მათ შორის, ე.წ. „ნელსონ მანდელას პრინციპებს“, რომლის მიხედვითაც, სამარტოო საკანაში პატიმრის მოთავსების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. პრობლემა პრაქტიკაა… ბევრჯერ გვსმენია, სამარტოო საკანში პატიმრის უფრო ხანგრძლივად დატოვების შესახებ. მთავარი არის ის, რომ სამარტოო საკანში ყოფნა აისახება ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი.

ცირა ჭანტურია პატიმრის უფლებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მას ჰქონდეს „მნიშვნელოვანი ადამიანური კონტაქტი“. იგი საუბრობს იმაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს არ ჰყავთ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, რომლებიც პატიმრებთან იმუშავებენ.

„მნიშვნელოვან ადამიანურ კონტაქტში“ ბუნებრივია, არ იგულისხმება ის, რომ ვიღაცამ პატიმარს სამარტოო საკანში საჭმელი შეუტანა. თვითდაზიანებების მაჩვენებლის გაზრდაც სწორედ ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგია. პატიმრობა უნდა ემსახურებოდეს რეაბილიტაციას. სამარტოო საკანში განთავსებაც ამ ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ პატიმრების რესოციალიზაციის ნაცვლად, ვიღებთ გამანადგურებელ ეფექტს,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

„მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება ეს არის დისცილინური სახდელის ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაქსიმალური ვადა 14 დღეა,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმარს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობა. მას უფლება აქვს, ისარგებლოს ერთსაათიანი გასეირნების უფლებით. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. პატიმარს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალაც.

„პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტის თქმით, ხშირია დარღვევები ე.წ. უსაფრთხოების საკანთან დაკავშირებით, სადაც სამარტოო საკნისგან გასხვავებით პატიმრები ხვდებიან იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს, ან გარშემო მყოფებს. პრობლემა ისაა, რომ უსაფრთხოების საკანში განთავსების დროს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი არაა ვალდებული დაასაბუთოს, რის საფუძველზე მოათავსა პატიმარი „უსაფრთხოების საკანში“.

„უსაფრთხო საკანში მოსათავსებლად საკმარისია ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა „არაადეკვატურად“ შეაფასოს პატიმრის ქცევა, – გვიყვება პაატა დიასამიძე, – მაგალითად, ჩვენ ვიცავდით ერთ-ერთ პატიმარს. უსაფრთხო საკანში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულმა მოითხოვა ფსიქოლოგი, რომელიც შეძლებდა მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რაზეც უარი განუცხადეს. მსჯავრდებული იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რაც მიუთითებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა ოქმში და მსჯავრდებული მხოლოდ დასჯის მიზნით იყო განთავსებული უსაფრთხო საკანში, რაც ეწინაღმდეგება პატიმრობის კოდექსს. მსჯარდებულის უსაფრთხო ოთახში განთავსებისას და იქ ყოფნის ვადის გაგრძელებისას, უმთავრეს პრობლემად ასევე რჩება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის არაადეკვატური ქცევის შეფასებას აკეთებს არა ამისთვის სპეციალური ცოდნის მქონე პირი – ფსიქოლოგი, არამედ, პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის უსაფრთხო საკანში განთავსებაზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ არის ფსიქოლოგის დასკვნა, არც უსაფრთხო საკანში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობას არ აფასებს ფსიქოლოგი.“

„უსაფრთხოების საკანი“ აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები