ვლადიმირ ვაისი: ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, შვედეთთან შეხვედრამდე, 19-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო და მედიასთან გუნდის შესახებ ისაუბრა.

ვაისის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს.

“ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ ვამბობთ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შვედეთთან შეხვედრაში,რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს. პირველ მატჩში ვნახე კარგი თამაში და სწორი ტაქტიკური მომზადება. სამწუხაროა, რომ მრავლად შექმნილი საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით, ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზე და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გიორგი ყიფიანის გუნდმა ს.კ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და შვედეთთან მატჩისთვის ემზადება.

“ჩვენ ვაცნობიერებთ,რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი, ფეხბურთელები როგორც პორტუგალიასთან იყვნენ საბრძოლო განწყობით, ასევე იქნებიან შვედეთთანაც და რა თქმა უნდა ჯგუფის ბოლო თამაშში ჩეხეთთანაც. მზადება მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, უკვე გამოჯანმრთელდნენ ის ფეხბურთელები,რომლებმაც პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღეს”, – განაცხადა გიორგი ყიფიანმა.

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის ორი შეხვედრა დღეს გაიმართება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 17.30
საქართველო-შვედეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი 20:00
ჩეხეთი-პორტუგალია

ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფს, პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულით ჩეხეთი და პორტუგალია ლიდერობენ.

სხვა ვიდეოები