წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში

ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა. რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის თხევადი დაქლორვის აპარატებით, რომელიც წყლის სათანადო გაწმენდა-გაფილტვრას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა ზღვის დონიდან 50 მ-ზე მდებარე 2500 კბმ-იანი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. აღნიშნული რეზერვუარი ჯამში 3400 კბმ წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩაქვის მოსახლეობას სრულად მოემსახურება. შედეგად, დაახლოებით 2 300 აბონენტი ახალ ქსელში ჩაერთვება და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მიიღებს.

დაბა ჩაქვის მოსახლეობის ახალ წყალმომარაგების სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას კომპანია „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს. მოსახლეობას სრულიად უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლის მრიცხველები. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ჩაქვის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობისთვის, ჯამში, 545 ათასი ევრო დაიხარჯა.

ახალი რეზერვუარების მშენებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 და მე-4 ფაზების ფარგლებში განხორციელდა.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ,,EU NIF’’ ფონდიდან გამოყოფილი გრანტით -4 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსდა, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (KfW) მოიპოვა.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები