ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის ახალი ბაღი შენდება

ზუნდაგის საბავშვო ბაღი ერთადერთი დაწესებულება იყო ქედის ბაღების გაერთიანებაში, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. წლების წინ გახსნილ ბაღს არასოდეს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები, მეტიც სასწავლო პროცესი თითქმის შეუსაბამო პირობებში მიმდინარეობდა. წელს პირველად, გამგეობის ინიციატივით დაიგეგმა ორეტაპიანი პროექტი და აშენდება სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი, რომლის ბიუჯეტი 791 270 ლარია. მანამდე ზუნდაგის საბავშვო ბაღის 38 აღსაზრდელი პედაგოგების თანხლებით ნამლისევისა და მახუნცეთის საბავშო ბაღებში გადანაწილდებიან.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ინტერ პლიუსი” ახორციელებს. სამუშაოები დღეს დავით დუმბაძემ, წარმომადგენელთან ლევან ვერძაძესთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა. ახალი საბავშვო ბაღით ადგილობრივები მომავალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღების ქსელი მუნიციპალიტეტში 2-ჯერ გაფართოვდა.

ახალი ბაღების მშენებლობების შედეგად, 126 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დამატებით 400-ზე მეტ აღსაზრდელს კი მიეცა სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება. 2013 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 7 საბავშვო ბაღი მოქმედებდა, ამჟამად კი 15 ფუნქციონირებს. ბაღების ქსელის გაფართოებისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფილია ცხრავე ადმინისტრაციული ერთეული და 64-ვე სოფელში მცხოვრებ ბავშვს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მაღალკვალიფიციური სკოლადმდელი განათლება.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები