ზურაბ პატარაძე ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში, აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად რთველში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.

სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია გაშენებული. სასუფრე ჯიშის ყურძენი კარდინალი და პრიმა – საადრეო ჯიშისაა და აგვისტოში მწიფდება. შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგეში საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია გაადგილებული, მათ შორისაა ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა, ოჯალეში, ტაძიგურა, ბათუმურა და სხვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ა.ი.პ. აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა, სადაც სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია დარგული. ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული ღვინის სახლი, რომელსაც ტურისტული ობიექტის სტატუსი აქვს.

ქობულეთიდან 10 წუთის სავალზე მდებარე ღვინის სახლი და სანერგე მეურნეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ამავე ტერიტორიაზე არსებულ ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა და ღვინის დეგუსტაცია.

“ზურაბ  პატარაძე”

სხვა ვიდეოები