ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის “გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის “გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოლივიე მადიო ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად შეფასდა ასევე NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გემების განსაკუთრებული გააქტიურება შავ ზღვაში და ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რაც ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხობისა და თავდაცვისუნარიანობის ზრდას.

მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკურ მისწრაფებაში მხარდაჭერისთვის.
ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ფრანგული სამხედრო ფრეგატის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-ფრანგული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობას. წვრთნები ყვინთვაში, ძებნა-გადარჩენასა და ცეცხლთან და წყალთან ბრძოლაში ჩატარდება.
აღნიშნული წვრთნებისა და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი იქნება.

სამი დღის მანძილზე ეკიპაჟის წევრები დაათვალიერებენ ქალაქს, გაეცნობიან ქართულ ტრადიციებსა და კულტურას. ფრანგ მეზღვაურებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში.

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდის ვიზიტი ბათუმის პორტში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძ”

სხვა ვიდეოები