ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სტრუქტურული ერთეულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ქალაქის მზარდ განვითარებასა და მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, მიმდინარე პროცესშია 6 სასტუმროს მშენებლობა კურორტ „გოდერძზე“, მოწესრიგდა კურორტ „გომარდულთან“ მისასვლელი გზა. მისი თქმით, მზარდ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონის სამთავრობო თუ მუნიციპალური ფინანსური სამსახურების გამართული მუშაობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ჩართულობისა და კომუნიკაციის გაზრდის მიმართულებით და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყება მუშაობს აუდიტის სამსახურის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები