ზურაბ პატარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში უნგრეთის საელჩოს ატაშე ეკონომიკურ საკითხებში გეზა როლი.

ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ- ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოითქვა.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უნგრეთის წვლილს აღნიშნულ პროცესებში და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთში სასწავლებლად ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს. წლებია ინტენსიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იშტვან ზეჩენის უნივერსიტეტი. 2017 ზაფხულში უნგრეთის ქალაქ ვასვარის გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში აჭარის შემოქმედებითმა ჯგუფმა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ მთავარი პრიზი მიიღო.

აღინიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიმართება უნგრეთის კულტურის დღეები.

ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები