ზურაბპატარაძემ აჭარის სამთო გიდებს სერტიფიკატები გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სამთო გიდებს სერთიფიკატები ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა. 60-მა ადგილობრივმა გიდმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარა. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მოწადინებული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. მე პირადად ვარ გიდი, რადგან ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის წარმატებას. რაც უფრო მეტი გადამზადებული და კვალიფიციური გიდი გვეყოლება, მით უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ჩვენ გვჭირდება ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. ამისთვის საჭიროა პროფესიონალი გიდები სამთო მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებზე, რეგიონის ღვინის მარშრუტებზე და სხვა მიმართულებით. გიდმა გულით უნდა მოუყვეს ტურისტებს ყველა საინტერესო ამბავი, ისტორიული მოვლენა, აღწეროს გეოგრაფიული ადგილები ისე, რომ მათ კვლავ მოუნდეთ ჩამოსვლა და შეუყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ სერთიფიკატებით დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ. დაჯილდოების ღონისძიებას ტურისტული სააგენტოების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში დამწყებ და მოქმედ გიდებს ტრენინგები 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩაუტარდათ. გიდებმა 2 თვის განმავლობაში მაჭახელას და მაჭახელას დაცული ტერიტორიის, ქედის ღვინისა და მერისის, მაღალმთიან აჭარაში ჩირუხი, სხალთა – ხიხანი, გოდერძი, მწვანე ტბის მარშრუტი და დაცული ტერიტორიებისა და ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტები შეისწავლეს. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის მეპატრონეთა გადამზადებას ითვალისწინებდა. ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა. წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

სხვა ვიდეოები